საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის “ საქმიანობის კონსტიტუციურობას და მათი აკრძალვის საკითხს.
სარჩელის ავტორების მოსაზრებით, ხუთივე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის დარღვევა. მოსარჩელეების შეფასებით, პარტიების ქმედებები კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობას უკავშირდება, ასევე, მათივე მტკიცებით, არსებობს ამ მიზნის მომავალში განხორციელების საფრთხე. ამასთან, სარჩელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით საუბარია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესაძლო საფუძვლებზეც. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.









