საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით განაცხადა.
რუხაძის განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც მინისტრის უფლებამოსილების სრულფასოვნად შესრულებას ვეღარ შეძლებს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, – აღნიშნავს თინათინ რუხაძე.
ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, მთავრობის წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს მრავალწლიანი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
„ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!“ – წერს თინათინ რუხაძე.









