21 ივლისი, სამშაბათი, 2026
21 ივლისი, სამშაბათი, 2026

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიამაყის განცდა ჰქონდეთ

დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, აქამდე აღნიშნული რეაბილიტაციის დაწყება ვერ ხერხდებოდა, რადგან კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს.

„რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყება, გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა. რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ ჩავარდა. მონაწილეობა არ მიიღეს კომპანიებმა.რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიის თვალსაზრისით. გამზირი, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი მოწესრიგებული და თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება – შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა.

„განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს – მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები