საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთო-ს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება. სადაც, თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა გამოწვევებსა, თუ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს.
სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციის პრობლემატიკაზე და რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ასამბლეაზე კოლეგებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში არსებულ მრავალ ფაქტობრივ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრება ეუთო-ს ყოველწლიურ ასამბლეას, რომელიც ჰააგაში იმართება. დღეს დაიწყო სამივე კომიტეტის სხდომები, როგორც პოლიტიკური და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის. თითოეულ ჩვენს წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და მათ შორის, უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს ხორციელდება.
მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ვისაუბრე ასევე იმ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს და ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს „მოსკოვის მექანიზმი“ არის დეკლარაციის პირველად ვერსიაში.
მე ჩემს კოლეგებს ავუხსენი, თუ რა პირობებში მომზადდა მოსკოვის მექანიზმის შეთანხმება და ასევე მქონდა საუბარი იმაზე, რომ ეუთო-ს წევრების უდიდესმა უმრავლესობამ ამ მექანიზმს მხარი არ დაუჭირა, არც მის ამოქმედებას და არც მის შედეგს და ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიში შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ძალიან ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას და მის მიერ მტკიცებულებები უდიდეს ნაწილზე, იმ ასე ვთქვათ ბრალდებებისა, რომელიც ანგარიშში არის გამოთქმული, მტკიცებულებები არ არსებობს.
ეს სხდომები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით ასევე კონკრეტულ პროვოკაციებსაც, მათ შორის იცით, რომ დარეგისტრირებულია ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის დრაფტი, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ ყოველწლიურ სესიაზე.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.









