შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი
საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
დაკავებულები ამჟამად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.









