2026 წლის 29 მაისს, „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა „სამშვიდობო სწავლების ცენტრი“. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიხსნა ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მაკეტი – აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ეროვნულ იდენტობას უკავშირდება.
ღონისძიების საზეიმო გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა და ქართული მისასალმებელი ცეკვით დაიწყო.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის III სართულზე გაგრძელდა, სადაც „სამშვიდობო სწავლების ცენტრი“ გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.
ღონისძიების მეორე ნაწილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო თეატრალური სპექტაკლი – „სოხუმში დაბრუნება“. სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა სპეციალურად „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
თეატრალური წარმოდგენა სიმბოლურად ეხმიანებოდა ისტორიული მეხსიერების, იდენტობის, დაბრუნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეებს, რაც ღონისძიების საერთო კონცეფციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.









