საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. მშობლების განცხადებით, მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ და ამ მოთხოვნებზე საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი მიიღეს. მათი თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დახმარება ფონდის შექმნაში, სადაც მედიკამენტების შესაძენად თანხას ყველა დაინტერესებული მხარე ჩარიცხავს.
„ჩვენ შევხვდით დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ გულდასმით მოგვისმინეს, უფრო დეტალურად შეიტყვეს ჩვენ შესახებ, ვიდრე აქამდე იცოდნენ. ჩვენ მოვახსენეთ, როგორ რთულ პერიოდს გავდივართ და რომ გვჭირდება პრეპარატების შემოტანა. გულთან მიიტანეს ჩვენი პრობლემები და შეგვპირდნენ, რომ მთავრობასთან შუამდგომლობას გაგვიწევენ“, – განაცხადა შეხვედრაში მონაწილე მშობელმა ნანა დაბრუნდაშვილმა.








