საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კამპანიის ფარგლებში ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა. საერთო ჯამში, 46 გარე სარეკლამო ბანერი, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.
კამპანიის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოპულარიზაცია ბრიტანულ ბაზარზე.
კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტოკოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.
დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, 2026 წლის პირველ კვარტალში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში +45.7%-ით მეტი ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისსა და ლონდონს შორის პირდაპირ ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები: British Airways და EasyJet.








