25 აპრილი, შაბათი, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე

საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში, სახელწოდებით – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას არ უნდა გაიმიჯნოს ევროკავშირი და მის მიღმა მყოფი ქვეყნები, ვინაიდან ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.

„პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე საუბრისას, აუცილებელია განვიხილოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და უსაფრთხოების საერთო ინეტერსები გაგვაჩნია. თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად, საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით და მოითხოვს უფრო ფართო, მრავალმხრივ მიდგომას.

„დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაუთმო: „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი და ისტორიული არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესი უნდა განიხილებოდეს ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში.

„გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებლობა. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს – ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.

„მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოსი, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე, ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დასასრულ, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოს მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: უკრაინის...

3 ოქრო, 5 ვერცხლი და...