მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს, ვაკვირდებით რომ ბოლო 5 წელში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთში სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს.
„როგორც ჩანს მისი [რუმენ რადევის] პარტია იქნება გამარჯვებული და მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების საშუალება. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს და იმედია, რომ ასეც მოხდება“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა რუმენ რადევის პრორუსულობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.
„ვინც ერთ რამეშიც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა პრორუსია, ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად, „ქართული ოცნება“ პრორუსად – ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის პროპაგანდისტული ხერხი, სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
https://imedinews.ge/ge/politika/433848/shalva-papuashvili-visats-sakutari-tavi-abia-mkhrebze-da-briusels-rame-sakitkhshi-ar-etankhmeba-kvela-prorusad-sheiratskha-es-aris-spetssamsakhurebis-mier-shemushavebuli-propagandistuli-kherkhi









