20 აპრილი, ორშაბათი, 2026
20 აპრილი, ორშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი – ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს

საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. ტრამპის კომპანია საკუთარი სახელით, ბრენდით როდესაც შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს ამ გარემოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ოჯახის უძრავი ქონების კომპანია თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, „ტრამპთაუერ თბილისის“ აშენებას გეგმავს. კერძოდ, ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა: „როგორ შეაფასებთ იმას, რომ ოპოზიცია ამ ინვესტიციასაც უპირისპირდება“.

„ოპოზიცია, ალბათ ამ ჯერზე ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინადვილეში, საქმე ძალიან მარტივად არის. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო მსოფლიოში და არა მხოლოდ რეგიონში არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით. მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობის, სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. საქართველო, მისი მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს ამას. კორუფციის დაბალი დონე იქნება თუ კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველია ყველასთვის. როდესაც ტრამპის კომპნაია საკუთარი სახელით, ბრენდით შემოდის საქართველოში, ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც აქვს დაგროვებული. სწორედ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში. ინვესტიციების მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და მის შესაძლებლობებს. შესაბამისად, ეს ასევე წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად, ახალ სტანდარტს შემოიტანს უძრავი ქონების ბაზარზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-opozicia-albat-am-jerze-amerikanizacias-gamoackhadebs-raime-problemad-sinamdvileshi-saqartveloshi-trampis-kompania-sakutari-brendit-roca-shemodis-nishnavs-rom-kargad-icnobs-s/

ავტორი:

ბოლო სიახლეები