17 აპრილი, პარასკევი, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება – ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი

გავაგრძელებთ რეგიონში ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მან თურქეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები შედგა.

„რამდენიმე საკითხი იყო. როდესაც შეხვედრები გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, მთავარი ამოცანა იყო უშუალო გაცვლა ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების და მისი გავლით, ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც. ვხედავთ, რომ ის დეზინფორმაცია, რასაც ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვრცელდება. ამიტომ ორმხრივ გაცვლას აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობთ ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა და არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით, ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში, გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი.

მეორე ეხება უსაფრთხოების საკითხებს, შეხვედრა გვქონდა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან და ყველამ აღნიშნა თუ რა კრიზისს განიცდიან დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომ უწევთ ენერგიის დაზოგვისთვის სხვადასხვა გადაწყვეტის მოძებნა. ჩანს, რომ დღეს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი რა გავლენას ახდენს სხვა რეგიონზე, საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით, ვხედავთ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ლამის ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის კარგი მაჩვენებლები გვაქვს.

მესამე – რეგიონული თანამშრომლობა; შეხვედრა მქონდა თურქეთის, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ახლა მექნება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ჩვენი რეგიონი და ოთხივე სახელმწიფოს ხელისუფლების ძალიან სწორი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია, რომ რეგიონში არის მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, გავაგრძელებთ რეგიონში ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები