27 მარტი, პარასკევი, 2026
27 მარტი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი

სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლისღვრისთვის, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მანჯგალაძე სხვა ორგანიზატორებთან ერთად სცენაზე იდგა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება გადაიბარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის შეფასებას, რომ მანჯგალაძისთვის წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებს არ ემყარება, იმედგამაცრუებელი უწოდა.

„პაატა მანჯგალაძე, ისევე, როგორც სხვა ორგანიზატორები, თავისუფლების მოედანზე სცენაზე იდგა, და მათ განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება, პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას თუ სხვა ძალოვან უწყებებს. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ დაუჯერებს, მაგრამ 7 000 ათასი ჰყავდათ იქ შეკრებილი და პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო სიმაღლეზე. ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ნეპალი, რომელსაც გვიანონსებდნენ, თითოეული ეს ადამიანი აანონსებდა სისხლისღვრას საქართველოში და შეგახსენებთ, ამას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე რომ ჩვენ გადავრჩით 1990-იან წლებში დაბრუნებას. ბატონ სახალხო დამცველსაც, დარწმუნებული ვარ, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ახსოვს, რაც იყო 1990-იანი წლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან დამხობის წარმატების შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზეც ისაუბრა.

„აბა, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა ახლა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის ან რომელიმე სხვა სავარძელში ძალიან კომფორტულად, შეირგებდა თუ არა თანამდებობას და იქნებოდა თუ არა გადანაწილება? როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო პასუხისმგებლობას. სისხლისღვრაზე მიჰყავდათ ხალხი, შეკრიბეს იქ სისხლისღვრისთვის, წაიყვანეს სისხლისღვრაზე, მხარდაჭერა მიიღეს სისხლისღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი.

ყველა ძალიან კარგად ვხედავდით სცენაზე გამოჭიმულ ხალხს. პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა მოიყვანეს იქ ხალხი ნეპალის მოსაწყობად, 7 ათასი ადამიანი შეკრიბეს ნეპალის მოსაწყობად. იმ 7 ათასს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდნენ, რომ საქართველოში სისხლის დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 ათასი ადამიანი – ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარა. დაანონსებული იყო ნეპალი და მივიდნენ ნეპალის მოსაწყობად. პაატა მანჯგალაძემ და მსგავსმა ორგანიზატორებმა მიიყვანეს ეს ხალხი იქ, შემდეგ მოუწოდეს, „დავიწყოთ ამ სქემის აღსრულება, წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთ“. დაძრეს ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ, თვითონვე ჩამოვიდნენ და გაჰყვნენ ამ ხალხს პრეზიდენტის სასახლისკენ და მოხდა კიდეც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.

ზოგიერთებს ამ პასუხისმგებლობის აღების შნო თუ არ აქვთ, მაშინ ამ ნაბიჯზეც არ უნდა წავიდნენ, ხოლო თუ ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მაშინ კეთილი ინებონ და პასუხისგებაც მიიღონ. ზრდასრული ადამიანები არიან, ყველამ იცის, რას ნიშნავს ნეპალი, ყველამ იცის, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ამისთვის გაგვწირეს, მოითხოვეს იქ ხალხის დაპატიმრება, დასჯა, დახვრეტა, ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რომ არ გამოუვიდათ, ახლა წუწუნებენ.

თორემ, აბა, წარმატებული ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი გვერდზე რომ იდგა ლამის თავისი შტანდარტიანად – ხომ გახსოვთ ეს კადრები, თქვენი გადაღებულია, ელოდა, რა მოხდებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება, გაიპარა ისიც და მანჯგალაძეც, და სახლში იჯდა. ჯერ ხალხი მიიყვანა, ხალხი გაწირა ამ ყველაფრისთვის და წავიდა და სახლში იმალებოდა შემდეგ, ვნახეთ, რომ მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. აბა, ყოფილიყო წარმატებული, თუ არ შევიდოდა სალომე ზურაბიშვილი თავისი შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩასხდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში, ვნახავდით. და ვნახავდით ზოგიერთ უცხოელს, რომელიც მივიდოდა მათთან ერთად და დაიწყებდა ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის მცდელობას.

აი, ეს იყო – 4 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდაჭერით აქ აწყობდნენ ხელისუფლების დამხობას და არ გამოუვიდათ. იმიტომ არიან გატრუნულები. ვინმესგან – ევროკავშირის ან რომელიმე ელჩისგან, გუშინ რომ კიდევ ერთხელ დაიწყეს ექსტრემიზმის მხარდაჭერა, ამ ძალადობის დაგმობის ერთი სიტყვა გაგიგონიათ? – არა. რატომ? – იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რაც დააშავეს ქართველი ხალხის წინაშე, ძალიან კარგად იციან, რომ ლამის სისხლისღვრაში შეიყვანეს ეს ქვეყანა. ასე რომ, არაფრის მიმართ თვალის დახუჭვა არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა მანჯგალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამას სასამართლო დაადგენს.

„გასაგებია, რომ მე არ მომვარდა და არ მახრჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა, რომ უნდა დავეპატიმრებინე. სასამართლო იმართება, ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგებლობა, რაში მიუძღვის ბრალი და რაში არა, ამას ყველაფერს დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი სამართლიანობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები