სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პანაშვიდი გადაიხადა.
მეუფე შიომ სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ როგორც მისი უწმინდესობა იღვწოდა თავის ცხოვრების განმავლობაში ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, ამას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს.
მიტროპოლიტის თქმით, საქართველომ ზეციური ანგელოზი შეიძინა, რომელიც “შეგვეწევა, რომ ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განგვაგრძოთ ღირსეულად მსახურება”.
“ღმერთმა განუსვენოს სულსა ახლად შესვენებულისა მონისა ღვთისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, ილიასი. საყოფელსა მართალთასა დააწესოს წიაღთა შინა აბრამისთა განუსვენოს.
ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო. აი, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ, ალბათ, მაინც საჭიროა, რომ რამდენიმე სიტყვა ითქვას:
იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი იმოღვაწა, რომელიც, ალბათ, ერთი ადამიანისთვის, არ ვიცი – ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში ეს საქმეები განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ. აი, უწმინდესმა ამდენი გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. ალბათ, მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა და გვაქვს, მაგრამ მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ალბათ, პირველი ფიქრი, ჩვენი ყველასი, იყო და ახლაც არის და იმ მომენტში განსაკუთრებით, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება – ასეთი მამის წასვლის შემდეგ.
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ის იმდენად მასშტაბური და ყოვლისმომცველი იყო, რომ ეს აზრი იყო პირველი – როგორ შევძლებთ ჩვენ ამას ყველანი ერთად. ასევე, ვფიქრობდით, ვიცოდით რა, რომ როდესაც წმინდა ადამიანი, მართალი და სულიერი ადამიანი გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად აუცილებლად ახლავს ღვთის მადლიც და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც, ძალის გამოვლინება და რა იქნება ეს გამოვლინება. ჩვენ პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ – თაყვანისცემისთვის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის და ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში და ხალხში. ალბათ, შეიძლება ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც მისი უწმინდესობა იღვწოდა თავის ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად გადასარჩენად, იგი გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძოს. განაგრძობს ერის მოქცევას, განაგრძობს ქადაგებას, განაგრძობს ჩვენს გაერთიანებას და კიდევ მეტადაც იგრძნობა ჩვენში, ერთმანეთისადმი და ღვთისადმი, პირველ რიგში. ეს არის მთავარი სასწაული და მთავარი ნუგეში და ალბათ, მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა ჩვენ. ეს არის ცოცხალი სიყვარული ცოცხალი ეკლესია, დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ჩვენი ზეციური მფარველი იქნება და ზეციური ანგელოზი შევიძინეთ, ზეციური საქართველოდან შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და განგვაგრძოთ ღირსეულად ჩვენი მსახურება მისი ლოცვა კურთხევით. კიდევ ერთხელ, გაგაძლიეროთ ღმერთმა და ძალა მოგცცეს”, – მიმართა მრეველს მიტროპოლიტმა შიომ.









