ირანი ელექტროენერგიის სექტორზე თავდასხმას ისრაელის ელექტროსადგურებზე, ასევე რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების ელექტროენერგიით მომმარაგებელ ელექტროსადგურებზე დარტყმით უპასუხებს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს იმავე დონეზე. თუ თქვენ ელექტროენერგიას დაარტყამთ, ჩვენც ელექტროენერგიას დავარტყამთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანი წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას არ გეგმავს.
„ტყუილი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აპირებს წყლის გამტკნარების ქარხნებზე თავდასხმას და რეგიონის ქვეყნების მოსახლეობისთვის სირთულეების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.









