უზომო ტკივილსა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ივანიშვილების განცხადებით, ეს არის უმძიმესი დანაკარგი არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
„ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს. ამავე დროს, გულწრფელად ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი – სულიერი მამა, რომელიც ურთულეს პერიოდებშიც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ხალხს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მათი შეფასებით, საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული პიროვნება, რომელიც მამობრივი მზრუნველობით, სიტყვითა და საქმით თითოეულ ადამიანს უკეთესობისკენ მოუწოდებდა.
„მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო და დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია II-ის სახელი მჭიდროდ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მისი გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც მრავალი რთული ეტაპი გაატარა ქვეყანასთან ერთად და განსაკუთრებული კვალი დატოვა საზოგადოების მეხსიერებაში.
„მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში, როგორც ჭეშმარიტი თავმდაბლობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი,“ – აღნიანულია განცხადებაში.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები კიდევ ერთხელ უსამძიმრებენ სრულიად საქართველოს და აღნიშნავენ, რომ იზიარებენ ამ დიდ ტკივილს.
„მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულს,“ — აღნიშნულია განცხადების დასასრულს.









