საქართველოს ხელისუფლების სწორი, გონივრული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქსიმალურად ჩავკეტეთ არასამთავრობო სექტორი, პირდაპირ აგენტურა, რომელიც გარედან ფინანსდებოდა – ჰქონდათ დაფინანსება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეექმნათ პრობლემები შიდა პოლიტიკაში, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
მისივე თქმით, შედეგად საზოგადოებამ მიიღო სწორი ინფორმაცია და სწორად დაინახა რისკები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იდგა.
გაბუნიამ გადაცემაში ისაუბრა ბრიუსელის მიერ ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში არჩევნებში ჩარევის საკითხზე, რომელზეც მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ბოლო პერიოდში ალაპარაკდა.
„წლების განმავლობაში ბრიუსელი ცდილობდა, ეწარმოებინა პოლიტიკა საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რათა მაქსიმალურად ჩარეულიყო შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან მათ სურდათ – ისეთი ქვეყნების, როგორიც გახლდათ საქართველო, შიდა პოლიტიკა მაქსიმალურად ეკონტროლებინათ. ეს სახელმწიფოები შემდგომში უნდა გამოეყენებინათ მათთვის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, რუსეთის შესაკავებლად. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მათ დააფინანსეს არასამთავრობო სექტორი, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მათ შორის, აფინანსებდნენ რადიკალურ მედიას და ისეთ მედიაპროექტებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ საზოგადოების გახლეჩას, სიძულვილის ენის, პოლარიზაციის დამკვიდრებას საზოგადოებაში; შექმნეს ძალიან საშიში საფუძვლები იმისა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში საქართველოში, ნებისმიერ დროს დაწყებულიყო რევოლუციური პროცესები და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, რაც იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის. ვერ ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში მასშტაბურად აიმაღლეს ხმა. საქართველო იყო მართლაც ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ამ მიმართულებით მკაცრი და პრინციპული პოზიცია დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც საქრთველოს მსგავსია ამ მიმართულებით, ნაკლებად იყო პროტესტი, ვინაიდან იქ აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები და აგენტურა იმისთვის, რომ ეს პროტესტი მიჩუმდეს.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების სწორი, გონივრული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქსიმალურად ჩავკეტეთ არასამთავრობო სექტორი, პირდაპირ აგენტურა, რომელიც გარედან ფინანსდებოდა, რომელთაც ჰქონდათ დაფინანსება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეექმნათ პრობლემები შიდა პოლიტიკაში. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ რომ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და სწორად დავანახეთ რისკები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იდგა“, – აღნიშნა გაბუნიამ.









