23 თებერვალი, ორშაბათი, 2026
23 თებერვალი, ორშაბათი, 2026

შალვა პაპუაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებაზე: ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას

მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში. ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, ვინც არ საჭიროებენ სოციალურ დახმარებას, აღარ დარჩნენ ბაზაში.

„მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში. ფაქტია, გამოვლენილი არის, რომ არიან სხვადასხვა შეძლების მქონე ადამიანები, ვინც არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრილები. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. 2020 წლის პანდემიის დროს ფაქტობრივად გაიყინა სისტემა. დაემატნენ ადამიანები 2020-2021 წელს გასაგები მიზეზების გამო იმიტომ, რომ იყო ეკონომიკური ვარდნა და რა თქმა უნდა ამან მოსახლეობაზეც იმოქმედა. თუმცა, მოსახლეობის ინტერესებისთვის არ ხდებოდა მკაცრი მიდგომა სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმების მხრივ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს მიხედავს. მიყვება დეტალურად, ინდივიდუალურად. შეფასდება მდგომარეობა და ინდივიდუალური მიდგომით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ნახეთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას და ამ ბაზაში ყოფნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, გადამოწმების პროცესი აქტიურად გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბაზაში მყოფი იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ და ბოროტად სარგებლობენ სოციალურად დაუცველთა პროგრამით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები