პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრელებულ სტატისტიკას საქართველოში ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე. ანალიტიკოსი წერს, რომ Tegeta Cars-ის დილერის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში გაიყიდა 22 Bentley და 17 Lamborghini. ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ Bentley-მ გააფართოვა თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში:
„ეს ნიშნავს, რომ მსგავსი შესყიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში უკვე „ნორმად“ იქცა და არა ეგზოტიკად. ზოგადი გაანგარიშებით, შარშან შეძენილი ამ მანქანების ჯამური ღირებულებაა 11-დან 15 მილიონ ევრომდე“ – წერს ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ „გაღატაკებულ“ საქართველოზე ინფორმაციის მფლობელი უცხოელისთვის, 2025 წლის სტატისტიკა გამაოგნებელი და პოზიტიური იქნება.
„ეს ნიუსი მივაკუთვნო თუ არა “პოზიტიურ” კატეგორიას, ჯერ ვერ გადამიწყვეტია. “ელიტარული ძაღლებისა და კატების” ფბ-ჯგუფში ამოკითხული სტატუსი შემახსენა: “შეიძლება წითელ ხიზილალიან ბლინში, ჩემი ჩი-ხუა-ხუასთვის ცოტა კარაქიც რომ დავამატო?”, რომელსაც მოჰყვა ერთი
კომენტარი – “ამოწყდით, თქვე ნაძირლებო!”.
მე ესეთი კატეგორიული შეფასებებში ვერ ვიქნები, უფრო მეტად უცხო ქვეყნის მოქალაქის თვალით დანახულ ნიუსად განვიხილავ: Tegeta Cars-ის დილერის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში გაიყიდა 22 Bentley და 17 Lamborghini (თანაც საუბარია ახალ ავტომობილებზე). ამასთან, თავად Tegeta Cars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წელს კომპანიამ 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ათასით მეტია, ვიდრე 2024 წელს.
გარდა ამისა, Bentley-მ ცალკე გახსნა (გააფართოვა) თავისი ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში (Bentley Tbilisi), რაც ნიშნავს, რომ მსგავსი შესყიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში უკვე „ნორმად“ იქცა და არა ეგზოტიკად. ზოგადი გაანგარიშებით, შარშან შეძენილი ამ მანქანების ჯამური ღირებულებაა 11-დან 15 მილიონ ევრომდე (გააჩნია კომპლექტაციას).
დარწმუნებული ვარ, ამ რაოდენობიდან, უმეტესობა რე-ექსპორტის მიზნით შეიძინეს, ზოგიერთს შესაძლოა “კორუფციული სუნი” აქვს (და ამას ალბათ წელსვე გავიგებთ), ნაწილს კი პატიოსანი ქართველი ბიზნესმენი შეიძენდა. მაგრამ, გაღატაკებულ საქართველოზე “ინფორმაციის” მფლობელი უცხოელის მხრიდან, ეს “ნიუსი” ალბათ უფრო გამაოგნებელ-პოზიტიური კატეგორიისაა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.









