1 თებერვალი, კვირა, 2026
1 თებერვალი, კვირა, 2026

სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიმართლის დამალვასა და დამნაშავეების დაცვას.

„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით წასულიყო და სიმართლე არ დადგენილიყო“, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ირინა ენუქიძის შეუპოვარმა ბრძოლამ, ასევე მედიამ და იმ ფაქტობრივმა მტკიცებულებებმა, რომლებმაც რეალური სურათი საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი.

სოზარ სუბარის თქმით, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია საზოგადოებისთვის შეგნებულად იყო დამახინჯებული.

„კარგად გვახსოვს მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება — ეს იყო მათი პრესსამსახურის წარმომადგენლის, გურამ დონაძის მიერ შედგენილი ცილისმწამებლური ტექსტი, თითქოს ადგილი ჰქონდა სვანურ კლანებს შორის დაპირისპირებას, რასაც სანდრო გირგვლიანი ემსხვერპლა. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით წასულიყო და სიმართლე არ დადგენილიყო.

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მართლაც, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბრძოლა დაიწყო და თავიდანვე ნათელი იყო, რომ არ გაჩერდებოდა, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებოდნენ. ამ საქმეში გარდამტეხი როლი ასევე ითამაშა ტელეკომპანია „იმედმა“ და ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებულმა კამერებმა, რომლებმაც რეალური სურათი დაგვანახვა და სიმართლის აღდგენის შესაძლებლობა მოგვცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ჩაიფარცხებოდა.

ალბათ ვერავინ შეაფასებს სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას უკეთ, ვიდრე ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა და განაცხადა, რომ შემზარავი და გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები