30 იანვარი, პარასკევი, 2026
30 იანვარი, პარასკევი, 2026

სოსო არჩვაძე: 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც, ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2 პროცენტი შეადგინა

2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2 პროცენტი შეადგინა (მთლიანად 2025 წელს, წინასწარი შეფასებით – 7.5 %). აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის 2025 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს (3.2%) – წერს ეკონომისტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, 2025 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს 38.8 პროცენტით აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+18.8%) 2.1-ჯერ უსწრებს.

„2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან 7.2 პროცენტი შეადგინა (მთლიანად 2025 წელს, წინასწარი შეფასებით – 7.5 %). აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის 2025 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს (3.2%).

რეალურ გამოხატულებაში, 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს 38.8 პროცენტით აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+18.8%) 2.1-ჯერ უსწრებს.

დეკემბერში, პირველად ბოლო ხუთი თვის მანძილზე (2025 წლის ივლისის შემდეგ) წინა თვესთან დაფიქსირდა დეფლაცია (-0.2%). წლიური ინფლაციის ტემპის აგრძელებს შემცირებას და დეკემბერში 4.0 პროცენტი შეადგინა (ცნობისათვის: ინფლაციამ დეკემბერში აშშ-ში შეადგინა – 2.7%, EU27 – 1.9%). ბოლო ორი თვის მანძილზე წლიური ინფლაციის 1.2 პუნქტით შემცირების პირობებში, სასურსათო კომპონენტის ინფლაცია შემცირდა 3.9 პუნქტით, თანაც, პირველად ბოლო 7 თვის მანძილზე (2025 წლის მაისის შემდეგ) აღარ აქვს ორნიშნა გამოსახულება (+8.8%). ამასთან, ნარჩუნდება ბოლო 14 თვის ტენდენცია (2024 წლის ნოემბრიდან), როდესაც სურსათზე ფასების წლიური ზრდა აღემატება ინფლაციის საერთო ტემპს; 2025 წლის დეკემბერში აღნიშნული სხვაობა 4.8 პროცენტული პუნქტი იყო.

ინფლაციის გაანგარიშებაში გამოყენებული 305 საქონელ-წარმომადგენლიდან ფასები შემცირდა 106-ზე, უცვლელი დარჩა 17-ზე, ხოლო გაიზარდა 182 დასახელების საქონელზე.

ინფლაციის შემცირების და ერთგვარი სტაბილიზაციის პროცესს ადასტურებს ისიც, რომ სხვაობა წლიურ (+4.0%) და ბოლო 12-თვიანი საშუალო (3.9%) ინფლაციებს შორის მინიმალურია (მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტი, მაშინ როდესაც გასული წლის დეკემბრის ანალოგიური მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტი იყო).

დეკემბერში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებული საწარმოების საშუალო რაოდენობამ 198 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ – 18.3 მლრდ ლარი (+11.0%) შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის მხრივ, 2025 წლის დეკემბერში ექსპორტმა 673.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+22.5%). 2025 წლის დეკემბერში ექსპორტის მატების ტემპი 2.6-ჯერ აღემატებოდა იმპორტის მატების ტემპს (შესაბამისად, 22.5% და 8.8%). აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა (2025 წლის აგვისტოდან) ექსპორტის ზრდის ტემპი უსწრებს იმპორტის ზრდის ტემპს, რამაც დიდწილად განაპირობა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებლის გაუმჯობესება (2024 წ. – 32.3%, 2025 წ. – 36.4).

2025 წლის დეკემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატების 45.3 პროცენტი მოდიოდა ექსპორტი მატებაზე, ხოლო 54.7 პროცენტი – იმპორტის მატებაზე.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ადგილობრივი ექ სპორტის ზრდის ტემპი – 2025 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერს მან 135.3 მლნ. აშშ დოლარით გადაჭარბა (+58.1%) და 368.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი ერთ წელიწადში 12.3 პუნქტით გაიზარდა და 54.7 პროცენტი შეადგინა.

პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით, დღეეების რაოდენობა ყოველი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტისათვის, შემცირდა 47 დღით – 2019 წლის 155 დღიდან 108 დღემდე. ამჟამად ექსპორტის ყოველდღიური მოცულობა (9.2 მლნ. აშშ დოლარი) პანდემიამდელ დონეს (6.4 მლნ. აშშ დოლარი) 43.1 პროცენტით აღემატება.

ადგილობრივი ექსპორტის სტრუქტურაში პირველი ადგილი ძვირფასი ლითონების მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 11.3-პროცენტიანი წილით. მთლიან ექსპორტში კი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 38.6 პროცენტით.

უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში გაწეული ხარჯების წლიურმა მოცულობამ რეკორდულად მაღალ – 5.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობით მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე საქართველოს მაჩვენებელი საშუალო გლობალურ მაჩვენებელს 2.8-ჯერ აღემატება.

2025 წლის დეკემბერში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა ბოლო 30-თვიან პერიოდში (2023 წლის ივნისის შემდეგ) მაქსიმუმს მიაღწია და 337.9 მლნ აშშ დოლარი (+18.4%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა – 297.1 მლნ აშშ დოლარი (+18.5%) შეადგინა. შემოსული ტრანზაქციების 74.1 პროცენტი ექვს ქვეყანაზე მოდიოდა (აშშ, იტალია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი), სადაც ქართული შრომითი ემიგრაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია.
2025 წელს ამერიკიდან საქართველოში განხორციელებულმა წმინდა ტრანზაქციებმა 668.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რუსეთიდან განხორციელებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 248.7 მლნ. აშშ დოლარით (59.3%-ით) მეტია. იმავდროულად, საქართველოდან რუსეთში 2025 წელს გადაირიცხა 48.0 მლნ. აშშ დოლარი, რაც ამერიკაში გადარიცხულ მაჩვენებელს (14.0 მლნ. აშშ დოლარი) 3.4-ჯერ აღემატება.
მაღალი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და შემოსული ფულადი გზავნილების ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ და ფულად-საკრედიტო სისტემაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – თითქმის 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. უახლესი მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე – მშპ-ის 2.1 პროცენტამდეა შემცირებული.

ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტული შემოსავლების მატება მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს როლსა და ინტეგრაციას შრომის საერთაშორისო დანაწილებისა და გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში.

უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრების თანმიმდევრული გაუმჯობესება, დაბალი დეფიციტი, სამთავრობო ვალის მშპ-თან თანაფარდობის შემცირება, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, სავალუტო რეზერვების ზრდა, საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირება მთლიანობაში ქმნიან კუმულატიურ პოზიტიურ ეფექტს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მყარ და დინამიურ განვითარებას, ინსტიტუციურ გამძლეობისა და გრძელვადიანი პროგრესის რეალურ და ხელშესახებ ტენდენციას.“ – წერს სოსო არჩვაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები