პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
განხილული იყო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ქართული ენის სწავლების მდგომაროება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ამ კუთხით გალის რაიონში დღეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაა გასულ პერიოდებთან შედარებით.
„რასაკვირველია, ეს არის საოკუპაციო ძალის ინტერესებში, მაგრამ ამასთანავე დე ფაქტო ხელისუფლებაც საკმაოდ სერიოზულ დარღვევას ჩადის, როდესაც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს მშობლიურ ენაზე განათლება მიიღოს.
ამასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ გარკვეულ გზებზე და გარკვეულ რესურსებზე, რომელიც შეიძლება ეფექტურად იქნეს ამოქმედებული, რათა ეს სერიოზული პრობლემა ნაწილობრივ მაინც დაიძლიოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავგეგმეთ კომისიისა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სხდომა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.