კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით დასახული დეტალური სამოქმედო გეგმა განიხილეს და შესაბამის აქტივობებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები განსაზღვრეს.
„სხდომას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კომისიის თანათავმჯდომარე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია აგებულია შემდეგ მიზნებზე: ქვეყნის ისტორიულ და საზოგადოებრივ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენა; გამორჩეული მეცნიერების ღვაწლის დაფასება; ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ზრდა; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერება.
უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.









