ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა BBC-ის ფილმის ერთ-ერთ რესპონდენტზე, ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას.
წილოსანის თქმით, უკრაინული სპეცსამსახურები საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობენ.
„ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება. მათ შორის, დიდძალი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის ფაქტი, რომელიც უკრაინიდან იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ჯერ კიდევ საბოლოოდ პასუხგასაცემია, თუმცა ვხვდებით, რომ უკრაინული სპეცსამსახურები საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობენ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათი კვალიც შესაძლოა გამოიკვეთოს „ბიბისის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, სადაც თითოეული რესპონდენტი არის მატყუარა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „ბიბისის“ ერთ-ერთი დასაყრდენი, უკრაინის სპეცსამსახურებში დასაქმებული ლაშა შერგელაშვილია. სწორედ ის არის ერთადერთი მოწმე, რომლის გამოკითხვა სუს-მა ვერ მოახერხა. მისი სახელი და გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში და ბექა ჭულუხაძესთან კავშირში იკვეთება, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო.
დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი – არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.









