6 დეკემბერი, შაბათი, 2025
6 დეკემბერი, შაბათი, 2025

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ვამბობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მაშინდელი ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, უილკერსონის მონაყოლი ამის დასტურია

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, აქაური ელჩის მეშვეობით, პირდაპირ მოქმედებდა ისე, რასაც ახლა ბატონი უილკერსონი საუბრობს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მაჭარაშვილმა შეაფასა აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და 2001-2005 წლებში სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ლოურენს უილკერსონის განცხადება: „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ზოგადად, ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით“.

„მას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს, რომ ის რიგითი ამერიკელი ან რიგითი საჯარო მოხელე იყო, უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესებში. ის რასაც ახლა აღწერს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია პირდაპირ ერეოდა სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში. მინდა, გავახსენო საზოგადოებას ჩვენი წერილები, სადაც საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია აქაური ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, არა მარტო ერეოდა, არამედ პირდაპირ გვეუბნებოდა, რა კანონიც იქნებოდა საჭირო, ის უნდა მიგვეღო, რა კანონსაც გვეუბნებოდნენ, ის უნდა გაგვეუქმებინა და რასაც იტყოდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ეს არ იყო პარტნიორული ურთიერთობა, ეს იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში და ერთგვარი ეგზარქოსის და მეფისნაცვლის ფუნქციებს ასრულებდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი. რითი განსხვავდება ახლა ბატონი უილკერსონის ეს მონაყოლი ჩვენი წერილებისგან? მხოლოდ და მხოლოდ დასტურია. წარმოიდგინეთ, პირდაპირ ეთერში საჯაროდ ადასტურებს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ფინანსდებოდნენ, მაშინ ჯერ არ ერიდებოდნენ და პირდაპირ მილიონები ირიცხებოდა ენჯეოსექტორში.

„მათ შორის, ხან შავი ფული, ხან ოფიციალური ფული იყო და ამ ყველაფერში ეს იხარჯებოდა, პირდაპირ, ერთგვარი პარალელური ხელისუფლება შექმნეს ენჯეოსექტორის სახით, ამაზეა საუბარი და როდესაც, ვთქვათ, რამე ტიპის კანონი ან არ უნდოდათ, რომ გასულიყო, ან პირიქით, უნდოდათ, რომ მიღებულიყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამისთვის, მათ შორის, ენჯეოსექტორს ათქმევინებდნენ ხოლმე ყველაფერს. აი, ამაზეა საუბარი. ჩვენ როდესაც წინააღმდეგობა გავუწიეთ, წამოვიდა იქიდან მუქარები, ზეწოლა და ამას ადასტურებს ზუსტად ეს ადამიანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს და რა გავლენა ექნება ევროპაზე, როგორ შეიძლება, აისახოს საქართველოზე ის, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში პრიორიტეტებს შორის დასახელებულია ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება, მაჭარაშვილმა განაცხადა, ამ წინადადების ამოკითხვა „ხალხის ძალის“ მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ წერილებშიც შეიძლება.

მისივე განმარტებით, ეს სტრატეგია არის ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე, „ხალხის ძალა“ კი წერილებს წერდა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა შინაარსი, ძირითადად, ერთი და იგივე იყო.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიამ და მისმა ერთ-ერთმა პუნქტმა გააჩერა პრაქტიკულად ნატო-ს გაფართოების საკითხი. პირდაპირ წერია. მარტო ღიად კი არ თქვა, დაწერა და თან დაწერა არა მარტო განცხადებაში, არამედ თავისი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. ფოკუსირება ნიშნავს იმას, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს ევროპამო, პირდაპირ დაუწერა აშშ-მა. ნატო-ში 80%, ვიცით, რომ არის აშშ და რა გადაწყვეტილებასაც ის იღებს, ბუნებრივია, იმას მიიღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები