„ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერსებზე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში დასამკვიდრებლად საქართველოს შეუძლია გამოიყენოს მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა.
„მსოფლიოში მიმდინარეობს ძალთა ახალი ბალანსის დამყარება, სადაც ახლებურად ხდება რესურსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, დგას ტერიტორიების გადანაწილების საკითხიც, რაც უკვე ვიხილეთ უკრაინის შემთხვევაში. ძალთა ახალი ბალანსი, მხოლოდ ტერიტორიების ახლებურ გადანაწილებას, ამათუ იმ სახელმწიფოების გავლენის, ახალი სფეროების გაჩენას არ გულისხმობს, აქ საუბარია უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზეც.
ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერსებზე. ამ თვალსაზრისით საქართველოს, რომელსაც მცირე პოლიტიკური წონა გააჩნია, შეუძლია კარგად გამოიყენოს მისი უაღრესად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მნიშვნელობა. მთავარია ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ჩვენი ეკონომიკური ინტერესები. ქვეყნის სტრატეგიის წარმატების ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. სწორედ ეს არის ის პრაგმატიზმი, რასაც მოველი მომავალი ევროპისგან. ევროპა დაიშლება, თუ არა, დამოკიდებულია იმაზე რამდენად პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს დაუბრუნდება და გააგრძელებს განვითარებას მის გარშემო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









