ბრიუსელის მხრიდან საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის “ორმხრივი ინტერესის” სტატუსის მინიჭება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური წინსვლის მდგენელია, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში.
აბაშიძის განცხადებით, ბრიუსელი რეალობას გვერდს ვერ აუვლის, რამდენადაც “პროგნოზირებადი და შეუქცევადი განვითარების გზაზე მდგომი საქართველო ევროკავშირის ინტერესებშიცაა.”
“ევროკავშირიდან საქართველოსთვის დაუსაბუთებელი, დროებითი და სელექციური პოლიტიკური ბარიერების არსებობის ფონზე, სატრანზიტო-ენერგეტიკულ თანამშრომლობას დიდი იმპულსი მიეცა.
ბრიუსელის მხრიდან საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის “ორმხრივი ინტერესის” სტატუსის მინიჭება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური წინსვლის მდგენელია.
ევრობიუროკრატთა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ამბიციების თვითდაოკება იდეალური მოცემულობა იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ჯერ არ მოხდება. მაგრამ რეალობას გვერდს ვერ აუვლიან – სტაბილური, პროგნოზირებადი და შეუქცევადი განვითარების გზაზე მდგომი საქართველო ევროკავშირის ინტერესებშიცაა.
ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობიდან გამომდინარე, თბილისი ყველა ნაბიჯს დგამს ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა სფეროების ფორსირებულად განვითარებისთვის მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
ევროკომისიის “ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი (Project of Mutual Interest, PMI) დაფინანსების მიღების
საშუალებას იძლევა, დაჩქარებული ნებართვის გაცემასა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით სარგებლობას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის რეალიზაციისთვის.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თანახმად, 1 155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.









