ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივა(GI-TOC) ორგანიზებული დანაშაულის 2025 წლის ინდექსს აქვეყნებს.
ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით, საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა ესტონეთთან ერთად თანაბარი შეფასებით.
ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებით, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 35 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იაპონია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.
ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლებით, ანუ დანაშაულის დონის სიმცირით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან საუკეთესო შეფასება მიიღო ექვსმა ქვეყანამ: ლუქსემბურგმა, ისლანდიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ, საქართველომ და ესტონეთმა.
გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის (GI-TOC) ერთ-ერთი მთავარი ფლაგმანური პროექტია. ეს არის მრავალგანზომილებიანი ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს დანაშაულის დონეს და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ მდგრადობას 193 ქვეყანაში სამი ძირითადი სვეტის მიხედვით – კრიმინალური ბაზრები, კრიმინალური აქტორები და მდგრადობა. ორწლიანი პერიოდის განმავლობაში შემუშავებული ინდექსის ეს მესამე იტერაცია მოიცავს 2024 წელს და ეყრდნობა როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ წყაროებს. ინსტრუმენტი ეფუძნება GI-TOC-ის რეგიონული ობსერვატორიების 350-ზე მეტ ექსპერტულ შეფასებას.
ინდექსის მიზანია, მეტრიკებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს პოლიტიკის შემქმნელებს და კონტინენტურ და რეგიონულ ორგანოებს, პრიორიტეტულად განსაზღვრონ თავიანთი ჩარევები შეფასების საფუძველზე. ამასთანავე, აღიჭურვონ იმ საშუალებებით, რომლებიც მისცემს საშუალებას, გაზომონ რეაგირების ეფექტურობა ორგანიზებული დანაშაულის ზემოქმედების შესამცირებლად.









