ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის განცხადებით, უკრაინის დაფინანსებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ევროკავშირის გეგმამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თითქმის ოთხწლიან ომს დაასრულებს.
„რეპარაციული კრედიტის შემოთავაზებული სქემით სწრაფი წინსვლა თანმხლებ ზარალს გამოიწვევს იმ ფორმით, რომ ჩვენ – ევროკავშირი, ფაქტობრივად ვეწინააღმდეგებით შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა დე ვევერმა წერილში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა.
წერილის შესახებ თავდაპირველად Financial Times-მა დაწერა, შემდეგ კი მისი არსებობა Reuters-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.
ევროკავშირის გეგმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები ევროპაში უკრაინას უნდა ასესხონ, რათა კიევმა თანხა თავდაცვისა და რეგულარული ბიუჯეტური ხარჯებისთვის გამოიყენოს. ბელგიის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში საკვანძოა, რადგან ეს აქტივები ბელგიის ფინანსური ინსტიტუტის Euroclear-ის მფლობელობაშია.
“ჩემი აზრით, შემოთავაზებული სქემა ფუნდამენტურად არასწორია“, – წერს დე ვევერი და დასძენს, რომ ისტორიულად, ომის დროს გაყინული აქტივები ჯერ არასოდეს გამოუყენებიათ. „ასეთი აქტივები გადაწყვეტილებების ობიექტი ომის შემდეგ ხდება, ჩვეულებრივ წაგებული მხრიდან სამხედრო რეპარაციების კონტექსტში“, – აცხადებს ბელგიის პრემიერი.









