„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის ფორმატში EAGLE HILLS-ის პროექტზე სასაუბროდ მივიდა, სიტყვით გამოვიდა.
ეკა სეფაშვილმა ყურადღება გაამახვილა EAGLE HILLS-ის პროექტის მასშტაბურობასა და ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი გავლენის მოხდენაზე.
„მოგესალმებით ყველას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი და ყოველმხრივი ინფორმაციის მოწოდებისათვის იმ გრანდიოზული ეკონომიკური პროექტის შესახებ, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე, რომელიც პირდაპირ აისახება ხალხის კეთილდღეობაზე: პირველ რიგში, ეს არის სიგნალი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, რომ მათი ბიზნესი გაფართოვდება და მათი მომავალი ბიზნეს-საქმიანობა მომგებიანი იქნება; ეს არის სიგნალი დამწყები ბიზნესმენებისათვის, რომ მათი წამოწყება, მათი ინვესტიცია და ახალი ინვესტიციები წარმატებული იქნება, ბიზნესსაქმიანობა მომგებიანი იქნება; ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში, მეტ გარემონტებულ თუ ახლად აშენებულ ბაღს თუ სკოლას, მეტ სპორტულ თუ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ამბულატორიებს სოფლად, მეტ რესურსს სოციალური პროგრამებისათვის და ა.შ.
და ირიბად, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს ამ პროექტის განხორციელებისას, ეს არის სიგნალი იმ სხვა, საერთაშორისო ინვესტორებისათვის, რომლებიც სწორედ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა; რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი კარგია და ღირს ამ ქვეყანაში ფულის დაბანდება, რადგან ეკონომიკური ზრდა ისე არის კოორდინირებული და დაგეგმილი, რომ ის საერთაშორისო ინვესტიციებისათვისაც არის მომგებიანი. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდაში, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის განვითარებაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ხალხის კეთილდღეობის უპირობო გაზრდაში აისახება.
სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან ის მავნე ძალები, რომლებიც საქართველოში არიან დაბუდებული, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ აგენტურას ვუწოდებ. რატომღაც მათ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს არ არის ოპოზიცია – არც რადიკალური და არც არანაირი. ეს არის აგენტურა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მართულია უცხო ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, მათ არანაირი სიკეთე საქართველოსათვის არ უნდათ. მერე როგორ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის, რომ თურმე ქვეყანა არ ვითარდება? მაშინ ხომ ვერაფრით დაარწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს, რომ ქვეყანა, თურმე, ბნელით არის მოცული. სწორედ ამის ეშინიათ და ამ დავალებას ასრულებენ. ისინი იბრძვიან იმ მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც, რეალურად, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება. სწორედ ის გარემო, რომელიც ასე საჭიროა მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამის არ მოხდენა უნდათ საქართველოში.
წარმატებას ვუსურვებ, ბატონო პრემიერო, თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას.
თუმცა, ერთი ნეგატიური მოვლენა მაინც არის – იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ განვახორციელოთ ეს პროექტი, რაც შეიძლება საუკეთესოდ, რათა მეტი სიკეთე და სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, აქ გამოვდივართ და ვცდილობთ ამ აგენტურას გავცეთ პასუხი, რომ ხალხი, რომელიც პანიკაში ჩავარდა მათი ტყუილით, დეზინფორმაციული კამპანიის და დემაგოგიის გამო, როგორმე დავამშვიდოთ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.









