შალვა პაპუაშვილი: ბიზნესომბუდსმენი ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე, უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური გადაწყვეტების გადახედვასა და კონსლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად, ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია, მმართველობის სიტემის კონსტიტუციურ ჩარჩოში გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელთა ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო წლებში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო და პროკურატურა.
ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანალოგიური მიდგომით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგელობაში, რათა ბიზნესის ინტერესები უფრო ოპერატიულად და უკეთ იქნას დაცული.
„ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში. რაც ბიზნესის საჭიროებებზე, უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









