17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025
17 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

მსურს, საზოგადოებას გავაცნო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ არის შემუშავებული და პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიციირდება. ცვლილების მიღებას საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს სამ თემატურ ბლოკს, რომლებიც მიმართულია მმართველობის სისტემის გამყარების, კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანისა და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერებისკენ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ინიციატივის პირველ ბლოკს წარმოადგენს „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების გადაწყვეტილება.

„პირველი ბლოკი ეხება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას“.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ და ჩამოყალიბდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა“. ამ ნაბიჯით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის ივნისში, კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური „ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები – რაც, შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო „გარე ძალების მიერ გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი“, რაც პარლამენტის მიერ შეფასდა, როგორც „უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, შესაბამიად მირებული იქნა გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.

„დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს შესაწირი პაიკის როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა.
ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციურ სარჩელში, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არ აღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ, თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.
შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.

აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღეს, დევნილობაში არიან. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები