საქართველოში Eagle Hills-ის შემოსვლამ ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი უკვე გამოიწვია და პროექტის განხორციელებას ორჯერ და სამჯერ მეტი არაპირდაპირი ეფექტი ექნება, – განაცხადა ბიზნესმენმა ილია წულაიამ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერ საქართველო“ Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიციაზე საუბრისას.
მისი განმარტებით, პოტენციურად საუბარია არა მხოლოდ 6,6 მილიარდიან ინვესტიციაზე, არამედ 15-20 მილიარდიან ინვესტიციაზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში.
„Eagle Hills-ი ახორციელებს 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციას, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ეფექტი ექნება საქართველოს ეკონომიკისთვის. თან როგორც ვიცით ამ ინვესტიციას ახორციელებს მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ანუ საკმაოდ სწრაფად ამხელა მოცულობის ინვესტიციისთვის. ასევე, „ემაარის“ პრეზიდენტს, ბატონ ალაბარს იმაზეც ჰქონდა საუბარი, რომ ამას დამატებითი არაპირდაპირი ეფექტი მოჰყვება, რომელიც ორჯერ და სამჯერ მეტი იქნება და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. საქართველოში „ემაარის“ გამოჩენამ და ამხელა პროექტის დაწყებამ ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორის ინტერესი უკვე გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, არაპირდაპირი ეფექტი ორჯერ და სამჯერ მეტი ექნება. ანუ პოტენციურად ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ 6,6 მილიარდიან ინვესტიციაზე, არამედ 15-20 მილიარდიან ინვესტიციაზე მომდევნო 7-8 წლის განმავლობაში.
როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი დეველოპერი შემოდის ბაზარზე, ეს აჩვენებს იმას, რომ ბაზარი, ქვეყანა არის საინტერესო. გაიზრდება სტანდარტები, გაიზრდება მშენებლობის ხარისხი, გაიზრდება კონკურენცია, რაც საბოლოო ჯამში ძალიან კარგია მომხმარებლისა და ქვეყნისთვის.
ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი განხორციელებულა და ყველაზე სახელიანი კომპანია, რაც კი საქართველოში შემოსულა, ამაზე მხოლოდ ნებისმიერ, საქმეში ჩახედულ, პატრიოტ ადამიანს უნდა ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება. ნებისმიერი სხვა ნეგატიური დამოკიდებულება, რომ ვიღაცები ჩამოსახლდებიან და რაღაც აბსურდული არგუმენტები, არის სუბიექტური, არ არის საქართველოს ინტერესებში. სახელმწიფომ გადასცა უძრავი ქონება და სანაცვლოდ იღებს საკმაოდ მოცულობით წილს ამ პროექტიდან, რომელიც არის 6,6 მილიარდის ღირებულების და რომლის პოტენციური ამონაგები შეიძლება იყოს 5-7, შეიძლება 10 მილიარდიც, გააჩნია რა ფასად გაიყიდება. შესაბამისად, იმის 33 პროცენტი, რასაც სახელმწიფო მიიღებს, შეიძლება იყოს 2-3 მილიარდი, რაც გაცილებით აღემატება იმ მიწის ნაკვეთების დღევანდელ ღირებულებას, რასაც სახელმწიფო გადასცემს „Eagle Hills-ს“, – აღნიშნა ილია წულაიამ.
Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები სრულად იხილეთ გადაცემაში.









