„არავითარი ორი საქართველო არ არსებობს – ეს დასტურდება არჩევნებით და ეს დასტურდება ქუჩაშიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცდილობს რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის გადაკეტვას და ამით საქართველოს პერსპექტივის შეჩერებას, იმ ფონზე, რომ პარალელურად, მათი ლიდერები ქართულ საზოგადოებას ცალ ფეხზე დგომისკენ მოუწოდებენ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ციხიდან, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ: „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ“.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქართული საზოგადოება მიხეილ სააკაშვილისგან შეურაცხყოფასა და დანაშაულებს უკვე მიეჩვია და სწორედ ამის გამო იხდის ის სასჯელს.
„სააკაშვილის ეს წერილი, მით უმეტეს, 7 ნოემბერს, არის შეურაცხყოფის პიკი და ის, რომ მან ვერაფერი ვერ გაიგო – თუ რა მოხდა, რისი ავტორი იყო და რა განაჩენი გამოუტანა საზოგადოებამ.
18 წლის წინ, მისი ხელმძღვანელობით, ის ადამიანები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ნიღბებითა და იარაღებით ახშობდნენ, დღეს ვითომ ამ თავისუფლების დაცვის სათავეში არიან.
სააკაშვილისგან შეურაცხყოფასა და დანაშაულებს უკვე მივეჩვიეთ – სწორედ ამის გამო იხდის ის სასჯელს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.









