6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის გამო ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა

გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებული შემოსავლის დამალვის გამო ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. დარღვევა დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ ხაზარაძე რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფოს უმალავდა. თავად ხაზარაძე აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ ანტიკორუფციულმა ბიურომ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა. ბიუროს ცნობით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მრავლობითი დარღვევა, კერძოდ, მამუკა ხაზარაძის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის, მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ხაზარაძემ მონიტორინგის ფარგლებში ითხოვა დოკუმენტაციის წარდგენისთვის დამატებითი დროის მიცემა, რაც ბიუროს მხრიდან გაზიარებული იყო, თუმცა, ამის მიუხედავად მან სრულყოფილი დოკუმენტები არ წარადგინა. მათ შორის, ხაზარაძემ არ წარადგინა მის სახელზე უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერი.

რა ოდენობის თანხით დააჯარიმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძე, ცნობილი არ არის. არსებული ინფორმაციით, ხაზარაძის მიერ მეუღლისთვის 2022 წელს, ძველ თბილისში ნაჩუქარი სახლი ელჩ პეტერ ფიშერს იმავე წელს მიაქირავეს.

აღნიშნულ თემას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ფაქტს ჰქონდა არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი, მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები