დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოხვედით პარლამენტში და ამ დაგვიანებას თავისი მიზეზი აქვს და არაერთხელ გვითქვამს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარი მათი პატრონებისგან, რომელშიც, კოლექტიური “ნაცმოძრაობიდან” ეს დანაყოფი, ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით – შეიძლება მძიმე მოსასმენი იყოს თქვენთვის, მაგრამ, ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი, რომლიც ქვეყნიდან არის გაქცეული. სწორედ თქვენმა პატრონებმა, ერთი წლის დაგვიანებით, ამ სცენარში, მაგ როლით განგისაზღვრათ ადგილი და კარგად ვხედავთ ყველა, მათ შორის თქვენც, იმ ფლანგზე როგორ მოგიხსენიებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გახარიას პარტიის დეპუტატებს მიმართა, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომას პირველად ესწრებიან.
მისი განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, მადლობა აქვთ გადასახდელი უმრავლესობის დეპუტატებისთვის, რომლებმაც მათ მისცეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტარები გამხდარიყვნენ. კირცხალიამ ისიც აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პატივი სცა “გახარია -საქართველოსთვის” ამომრჩეველს, რომელსაც თავად ეს პარტია ატყუებდა, თითქოს, “კოლექტიური ნაცმოძრაობისგან” განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა.
“რაც შეეხება თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს და იმ “ჭკვიანურად” დალაგებულ მესიჯბოქსს სანამ შემოხვიდოდით პარლამენტში, რომ თურმე, მხოლოდ თქვენი 8 პროცენტია ლეგიტიმური – ერთი გახსოვდეთ, აქ, აი ამ დარბაზში გეუბნებით, რომ პირველ რიგში, მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ მოგეცით უფლება, საერთოდ აქ რომ სხედხართ. მაგრამ, ასევე გახსოვდეთ მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ არჩევნებამდე ატყუებდით, თითქოს, რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდით და არ წარმოადგენდით იმ ძალას და არ ასრულებდით დაკვეთას, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა. ეს გამოჩნდა ერთი წლის თავზე ძალიან კარგად – სად იყავით, შეხედეთ თქვენს რეიტინგს საპარლამენტო არჩევნებზე და შეხედეთ თქვენს რეიტინგს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გახსოვდეთ, რომ ჩვენ, მოსახლეობას ვეცით პატივი, ვინც თქვენი მხრიდან მოტყუებით მოგცათ ხმა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე,” – აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე თქმით, გახარიას პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაამტკიცა, რომ “ნაცმოძრაობაზეა” მიჯაჭვული, როდესაც ხელი მოაწერა ბრიუსელში გასაგზავნ მოღალატეობრივ წერილს.
“რაც შეეხება თქვენს მიჯაჭვულობას “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რაც უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ მათი იდეის მომხრე და არ ხართ ერთი ძალა – საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩეველსაც, როდესაც ხელი მოაწერეთ იმ მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით თქვენი ქვეყნის და თქვენი ამომრჩევლის დასჯას. ეს არის თქვენი და თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან, სამი წლის განმავლობაში, მოგიწევთ ყოველ დღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ “ნაცები” და არ ხართ მათი იდეების გამზიარებლები.” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









