24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025
24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

თბილისიდან გასასვლელი მაგისტრალი იცვლება – ქოშიგორის ქვეშ გვირაბების მშენებლობა იგეგმება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისიდან გასასვლელი მაგისტრალის მოდერნიზებას გეგმავს. არსებული გზა ჩანაცვლდება 8-ზოლიანი მაგისტრალით, რომელიც ქოშიგორის ქვეშ ორი პარალელური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ნებართვის მისაღებად წარდგენილია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში მოქალაქეებს შენიშვნების წარდგენა მომდევნო რამდენიმე თვის ვადაში შეეძლებათ.

სამინისტროს მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, დავით აღმაშენებლის ხეივანი გაფართოვდება და აგრარული უნივერსიტეტის პარალელურად, ასევე ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზის პარალელურად, მოეწყობა ესტაკადა, რომელიც “შკოდას” ცენტრის მიმდებარედ გვირაბებს დაუკავშირდება. გვირაბების სიგრძე 1.6 და 1.9 კილომეტრი იქნება და ის პირდაპირ დაუკავშირდება ახალ ხიდს, რომლითაც სატრანსპორტო ნაკადი მცხეთის გვერდის ავლით გააგრძელებს მოძრაობას.

მთლიანობაში მოდერნიზაცია ჩაუტარდება თბილისიდან გასასვლელ 11-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს და ის სრულად 8-ზოლიან გზად გადაკეთდება.

პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკურ სამუშაოებს ასრულებს ავსტრალიური საინჟინრო კომპანია SMEC International-ი.
საპროექტო დოკუმენტაციაში აღწერილია, რომ გზა, რომელიც ამჟამად ოთხზოლიანია არსებულ სატრანსპორტო ნაკადებს უკვე აღარ შეესაბამება, რადგანაც მას დღეში საშუალოდ 60,000 ავტომობილი იყენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა კვლევა, თუ რა უნდა იყოს გზის გამტარობა, რათა მოდერნიზაციის შემდეგ თბილისის გასასვლელი ხელახლა არ გადაიტვირთოს.

აღნიშნული კვლევიდან ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არსებული გზა ორივე მხრიდან ერთი ზოლით გაფართოვდება ანუ თუკი ის 6-ზოლიანი გახდება, რამდენიმე წელში სატრანსპორტო ნაკადის ზრდიდან გამომდინარე, ის კვლავ გადაიტვირთება, ამის გათვალისწინებით საინჟინრო კომპანიამ დაადგინა, რომ აღნიშნული მაგისტრალი მინიმუმ რვაზოლიანი უნდა გახდეს. წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ადგილზე მოსაწყობი ახალი ინფრასტრუქტურა მოიცავს:

ორმხრივი გვირაბის მშენებლობას ქოშიგორასა და მუხათგვერდის ქვეშ;

ხიდებისა და ესტაკადების სისტემას მდინარე მტკვრისა და რკინიგზის გადაკვეთაზე;

საგზაო ქსელის გაფართოებას — თითოეულ მიმართულებაზე 4 ზოლით;

თანამედროვე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვას.
ალტერნატივების შეფასება
საპროექტო ჯგუფმა განიხილა რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი, რომლებიც შეფასდა ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორების მიხედვით.

სამი ალტერნატივა გამოიკვეთა:

ალტერნატივა 1: არსებული გზის გაფართოება ზედაპირზე, ორივე მხარეს 4 ზოლით – ნაკლებად ეფექტური და სივრცით შეზღუდული გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა მიწების ფართომასშტაბიან ექსპროპრეაციას.

ალტერნატივა 2: ზედაპირული გზა მცირე ესტაკადებით მტკვრის ხეობის გვერდის ავლით — შედარებით იაფი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში გზა ეკოლოგიურად მგრძნობიარზე ზონას გადაკვეთს.

ალტერნატივა 3 (შერჩეული ალტერნატივა): ორმხრივი გვირაბის გაყვანა ქოშიგორასა და მუხათგვერდის ქვეშ.

გვირაბების ტექნიკური მონაცემები:

თბილისი → ნატახტარი მიმართულება — 1.6 კმ სიგრძით;

ნატახტარი → თბილისი მიმართულება — 1.9 კმ სიგრძით;

საერთო სიგრძე — 3.5 კმ.

გვირაბები დაიგეგმება ორ პარალელურ მილად, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, საევაკუაციო გასასვლელებითა და ვენტილაციით. მშენებლობა ჩატარდება სპეციალური გვირაბგამყვანი კომბაინით, აფეთქებების გარეშე, რაც ამცირებს ხმაურსა და ვიბრაციას.

გზის მეორე მონაკვეთი (საგურამოდან ნატახტარის მიმართულებით)
ამ მონაკვეთში განხილული იყო სამი ვარიანტი:

არსებული ხიდის გამაგრება და გაფართოება;

ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე არაგვზე;

კომბინირებული გადაწყვეტა — ახალი ხიდისა და მიმდებარე გზის პარალელური გამოყენება.

საბოლოოდ არჩეულია მესამე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახიდე გადასასვლელისა და ესტაკადის აშენებას მცხეთის დასახლების მიმდებარედ.
ხიდებისა და ესტაკადების მონაცემები:

პირველ მონაკვეთზე — 8 ხიდი, საერთო სიგრძით 3.52 კმ;

მეორე მონაკვეთზე — 5 ხიდი, საერთო სიგრძით 1.34 კმ;

ჯამში — 13 ხიდი, მთლიანი სიგრძით დაახლოებით 4.86 კმ.

ეს ნაგებობები მოიცავს მტკვრისა და არაგვის გადაკვეთის ახალ არქიტექტურულ კონსტრუქციებს, რომლებიც შეამცირებენ საცობებსა და მოძრაობის შეფერხებებს.

პროექტი განხილვების ადრეულ ეტაპზეა და მასზე დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში გაიცემა.

ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება იყოს ახალი მაგისტრალის სამშენებლო ბიუჯეტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები