16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025
16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

The Spectator: ზელენსკის თავდასხმა ოდესაზე უკვე ზედმეტია. მისმა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა კონკურენტ პოლიტიკოსებს, დახურა ტელეარხები, დაშალა პოლიტიკური პარტიები- ქვეყანაში, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის, ასეთი ნაბიჯები განგაშის სიგნალის საბაბს იძლევა

ერთ კვირაში კიევმა ოდესაზე სამმაგი თავდასხმა განახორციელა: ენის, ისტორიის და არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ქალაქი, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში დაუნდობელ დაბომბვას იტანდა და უკრაინის საზღვაო ფრონტზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ახლა საკუთარი დედაქალაქის ალყაში აღმოჩნდა- ამის შესახებ გამოცემა Thespectator.co.uk- ი წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ოდესის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებიდან ყველაზე გამაოგნებელი ნაბიჯი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება იყო, რომ ქალაქის სამჯერ არჩეულ მერს, გენადი ტრუხანოვს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა და თანამდებობა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ტრუხანოვს თითქოს რუსეთის პასპორტი აქვს, რასაც მერი კატეგორიულად უარყოფს. მიუხედავად ამისა, სასამართლო განხილვისა და სათანადო სამართლებრივი პროცესის გარეშე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. მათი თქმით, “უკრაინის კონსტიტუციის 25-ე მუხლი კატეგორიულად კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას. საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი, ეს დემოკრატიაზე აშკარა თავდასხმაა”.

მათივე ცნობით, არჩევნების ჩატარების მოწოდებების ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, ზელენსკი ბრძოლის ველს კონკურენტებისგან ათავისუფლებს. ტრუხანოვი კი პოპულარული და პრაგმატული მერი, სწორედ იმ ტიპის საფრთხეა, რომლის აღმოფხვრასაც კიევი ცდილობს. ზელენსკის გზავნილი სხვა მერებისთვის ნათელია: “ახალი თამაში – ბრძანების შესაბამისი ერთგულებაა”

როგორც გამოცემა წერს, ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკის ადმინისტრაციამ „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით სანქციები დაუწესა მის კონკურენტ პოლიტიკოსებს, დახურა ტელეარხები, გააჩუმა ანტიკორუფციული პოლიტიკის კრიტიკოსები და დაშალა პოლიტიკური პარტიები. ის, რაც ომის დროს აუცილებლობის კონტექსტში დაიწყო, ახლა პოლიტიკურ სტრატეგიად იკითხება: საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვა და განსხვავებული აზრის განზრახ ჩახშობა. ქვეყანაში, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის, ასეთი ნაბიჯები განგაშის ზარებივით ჟღერს.

გამოცემის მიხედვით, ოდესა რუსეთის შემოჭრის შემდეგ საშინლად დაზარალდა. ქალაქი ყოველდღიური დაბომბვების ქვეშ იმყოფებოდა, ასეულობით ათასი ლტოლვილი მიიღო და ათასობით მოქალაქე დაკარგა ომის ფრონტზე. ამ კვირაში ოდესაზე შეტევა სამ ფრონტზე განხორციელდა. პირველი მის არჩეულ მთავრობაზე. მეორე, ქალაქის ენაზე და მესამე, ქალაქის ისტორიასა და მემკვიდრეობაზე. ამ სამმა დარტყმამ ერთობლივად ქალაქის თვითმყოფადობის რღვევა მოახდინა.

მათივე თქმით, ზელენსკის ადმინისტრაცია ამას ერთიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯებად ამართლებს. თუმცა, იძულებით ერთიანობა ძალა არ არის; ეს ფორმაში ჩაცმული შიშია. დემოკრატიას არ შეუძლია დაიცვას თავი იმ პლურალიზმის დემონტაჟით, რომელიც მას სიცოცხლეს აძლევს. ყოველი წმენდა, ყოველი აკრძალული ენა თუ ჩამოგდებული ძეგლი ანგრევს უკრაინის ევროპული მომავლის სამოქალაქო საფუძვლებს.

„ოდესა, ყველა ქალაქს შორის, უნდა ყოფილიყო სწორედ ის მაგალითი, რისთვისაც უკრაინა იბრძვის: თავისუფალი, მრავალენოვანი, თავდაჯერებული, რომელიც ევროპისკენ იყურება. ამის ნაცვლად, ის სწორედ ამ თვისებების გამო ისჯება. მრავალწლიანი დაბომბვის შემდეგ, ოდესელები ახლა თავს პოლიტიკურად დაობლებულებად გრძნობენ: მათი ერთგულება ეჭვქვეშ დგას, იდენტობა უარყოფილია, პოლიტიკა კი უზურპირებული.
კიევისთვის, შიშის, ქაოსის, განხეთქილებისა და გაუცხოების დათესვა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად საჭიროა — ფატალური სტრატეგიული შეცდომაა. მოსკოვისთვის, ეს საჩუქარია —გამარჯვება, როცა უკრაინა კრემლის ავტორიტარული კარიკატურის როლს თამაშობს. უკრაინისთვის კი, იდენტობის წართმევა არა მხოლოდ თვითდაზიანება, არამედ ეროვნული თვითმკვლელობაა.“- წერს გამოცემა The spectator. co.uk.-ი.

https://www.spectator.co.uk/article/zelenskys-war-on-odesa-is-a-step-too-far/

ავტორი:

ბოლო სიახლეები