15 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
15 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე: ქალბატონმა ვალტონენმა გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში და მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ დაგმობის თავი არ გაქვს

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მკაცრად ვგმობ იმ არამეგობრულ აქტს, რომელიც გუშინ, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიდინა. ეს, გარდა არამეგობრული აქტისა, იყო ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ სულ რაღაც 10 დღის წინ, საქართველოში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას, – ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიერ რუსთაველზე, აქციის მონაწილეებთან ვიზიტი.

მისივე თქმით, ელინა ვალტონენი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, საიდანაც განცხადება გაავრცელა, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიო და მინიმუმ, ძალადობას უნდა გაემიჯნო.

“დღეს, ქალბატონი ვალტონენი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და მან გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს – ამაზეა ნათქვამი, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, ძალიან კარგია და მადლობელი ვართ რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს. ამიტომ, ეს იყო ნამდვილად ძალიან არამეგობრული ჟესტი და მე გპირდებით, რომ ეუთოს შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე მე ამ საკითხს დავაყენებ, თუმცა, იმას ვერ გპირდებით, რომ როდესაც შემდეგი საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, ეს ქალბატონი ისევ იქნება ეუთო-ს თავმჯდომარე, იმიტომ, რომ მას დაახლოებით ერთ თვეში ვადა გასდის. თუმცა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ არის ეუთოს ქმედებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისთვის შექმნილი და ჩვენ, როგორც ეუთოს სრულუფლებიან წევრ ქვეყანას, სრული უფლება გვაქვს, რომ ეს საკითხი დავაყენოთ საპარლამენტო ასამბლეაზე და კიდევ ერთხელ, მკაცრად დავგმოთ ეს საქციელი,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები