„ახლახან წავიკითხე საერთო განცხადება, რომელიც ევროპული კომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაავრცელა. ეს ადამიანები არ საუბრობენ იმ ძალადობაზე, რომელიც ჩვენ გუშინ თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ეს ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საერთაშორისო დამკვირვებელმა ესპანეთიდან ლუის ურიბე ეჩებარიამ.
წამყვანმა მას ჰკითხა: „უმაღლეს შეფასებას აძლევთ თქვენ გუშინდელ არჩევნებს, მაგრამ მაინც გკითხავთ, რადგან ახსენეთ ადგილობრივი დამკვირვებლები, მქონდა მათთან კომუნიკაციაო. დღეს ევროპიდან მოვიდა ასეთი გზავნილი და შეფასება, რომ რეპრესიული გარემოს გამო ადგილობრივი დამკვირვებლების ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო და უარი თქვა დაკვირვებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თქვენთან რას საუბრობენ, მსგავსი ინფორმაცია მოვიდა თუ არა თქვენამდე?“.
„ამას ვერ დაგიდასტურებთ. ახლახან წავიკითხე საერთო განცხადება, რომელიც ევროპული კომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაავრცელა და მე გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, ჩემი გადმოსახედიდან, რომ ეს ადამიანები არ საუბრობენ იმ ძალადობაზე, რომელიც ჩვენ გუშინ თბილისის ქუჩებში ვიხილეთ. ეს ძალადობა არის მიუღებელი. დემოკრატიულ ვითარებაში აძლევს ადამიანებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას, რომ მათ გამოხატონ პროტესტი, მაგრამ ამავე დროს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობა მისაღებია“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
მისივე თქმით, ამავე დროს, არ არის მისაღები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, რომ აუცილებელია ძალადობის თავიდან აცილება, თუმცა საერთოდ არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეთა ნაწილმა გადაწყვიტა პრეზიდენტის სასახლეზე იერიში.
„ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს გახლავთ დემოკრატიის თვალსაზრისით დაშვებული დიდი შეცდომა ევროკავშირის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რაც ევროკავშირს აქვს”, – აღნიშნა ლუის ურიბე ეჩებარიამ.









