„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ზოგადად, ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 ათასამდე ამომრჩეველმა.
როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.