„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად შეხვედრები გაიმართა წურწუმიას ქუჩის მცხოვრებლებთან და ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წურწუმიას ქუჩაზე და მიმდებარე დასახლებაში სულ რამდენიმე წლის წინ არ იყო ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალგაყვანილობა, ასევე, არ მოძრაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის ყველა ეს პრობლემა აღმოფხვრილია – დასახლება სრულად ელექტრიფიცირებული და გაზიფიცირებულია, უწყვეტად მიეწოდება წყალი და მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ეტაპზე ადგილობრივები ითხოვენ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რაშიც კანდიდატმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
რაც შეეხება ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, მათ სურთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, რაზეც ზაქარია წიკლაურთან შედგა შეთანხმება, რომ ამ საკითხზე ის დევნილებთან ერთად იმუშავებს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.