კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში, -ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, კახი კალაძეს აქვს ის რესურსი და პოტენციალი, რომ თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები და სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დაწყებული აქვს ბოლომდე მიიყვანოს.
„ნებისმიერი თბილისელისთვის, ან ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თბილისს სტუმრობდა თუნდაც 10 წლის წინ და ახლა ჩამოვიდა ქალაქში ნათელია ის ცვლილება ვგულისხმობ – ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც ქალაქში განხორციელდა. თბილისი ნელ-ნელა, მიუხედავად იმ საკმაოდ რთული პრობლემებისა, რომელიც დედაქალაქს აქვს, მათ შორის ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლები, ძალიან რთული რელიეფი, ინფრასტრუქტურის მოძველებული ნაწილი და ავტოპარკი, ასევე სატრანსპორტო საშუალებები, ეს მემკვიდრეობა დახვდა კახი კალაძეს, მან თავისი ორი ვადის განმავლობაში მოახერხა, რომ საკმაოდ დიდი ცვლილებები განეხორციელებინა თბილისში. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა ვფიქრობ, კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე ვფიქრობ, რომ მას აქვს ის რესურსი და პოტენციალი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები და სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მას დაწყებული აქვს ბოლომდე მიიყვანოს, რათა თბილისი გადაიქცეს თანამედროვე ევროპულ ქალაქად,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.