სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარემ, დაკავებულისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა და მოტივად დაკავებულის პირობით მსჯავრი, ასევე მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები დაასახელა.
დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა და განმარტა, რომ ბრალდებული ლუკა სარია უკანონოდ დააკავეს, მის მიმართ განხორციელდა მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც შესაბამისი მასალების მოასაპოვებლად, სხდომა გადაიდო და 3 საათის შემდეგ პროცესი ისევ განახლდა.
ადვოკატმა პროცესზე ბრალდებულის ოჯახის წევრის დაკითხვის ოქმი წარადგინა, თუმცა ეს საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი არ აღმოჩნდა და დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 ივლისს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, მკვლელობა სენაკში გორის ქუჩაზე 18 მაისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სისხლიან დაპირისრებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო 5 დაიჭრა, მათ შორის გარდაცვლილის ძმა.
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, გამოძიება დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.