ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ნაწილის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს მთავრობის მიერ მიღებული კანონი. ცენტრალური ბულვარიდან აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლეს. მათ თან ქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა წარწერებიანი ბანერები. ახალგაზრდების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აღნიშნული კანონით, ქვეყანაში დაამკვიდროს “რუსული რეჟიმი” და ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაც დაუშვებელია. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს “გამჭვირვალობის კანონი”.
ბოლო რამდენიმე კვირაა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ.