ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა, ზუგდიდში საკრებულოს სხდომა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. “ქართული ოცნების” წევრებს, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართეს და მოუწოდეს, რომ არ დაუჭირონ მხარი კანონს გამჭვირვალობის შესახებ, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ინტერესებს და მისი დაკანონება გაანადგურებს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყანას აქცევს “რუსეთის გუბერნიად”.
მმართველ გუნდში კი არასამთავრობოებს ბრალდებებით უპასუხეს და განაცხადეს, რომ კონკრეტული რადიკალი ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, კანონი გამჭვირვალობის შესახებ შერაცხონ რუსულად, რადგან მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მიზანი, და სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია
სხდომის დასრულების შემდეგ, დაპირისპირება სხდომათა დარბაზიდან ფოიეში გაგრძელდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდეს აღნიშნული კანონი საჯარო სივრცეში განიხილონ, რის საპასუხოდ
“ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ კანონს, რომელიც ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში მიიღეს არაფერი აქვს კავშირი რუსეთთან. ის ემსახურება გამჭვირვალობას, თუმცა კონკრეტულ არასამთავრობობს არ სურთ საზოგადოებამ იცოდეს თუ ვისგან, საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან.
სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის შემდეგ განიმუხტა. ცნობისთვის, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები წარწერებიანი ბანერებით მივიდნენ – კი ევროპას, არა რუსულ კანონს, რითაც ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.