ირაკლი კირკიტაძემ თქვა, რომ მე ამ ბიზნესიდან [შპს “ენკა ჰაუსის” დირექტორობიდან] საერთოდ მივდივარ, აღარც 1500 დოლარი მინდა თითოეულ კონტეინერზე და საერთოდ, ამ ბიზნესს უნდა ჩამოვშორდეო. ჩვენს ოჯახში სიხარული იყო, როგორც იქნა შეგვეშვნენო [იმდროინდელი ხელისუფლება], ვიფიქრეთ და აღვნიშნეთ კიდეც ეს ფაქტი. მაგრამ, დაახლოებით ერთი თვის თავზე, შემოდის ჩემთან სატელეფონო ზარი, სადაც მეცნობა ადამიანი და მეუბნება რომ არის ბექა ბასილაია, რომელიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილის და ყველა დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ადვოკატი და მაშინ იყო პროკურატურის გამომძიებელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა, ვალერი შოშიაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ბექა ბასილაიამ კომპანიის ყველა დოკუმენტის მიტანა ორ დღეში სთხოვა, ხოლო, უკვე კომპანიიდან წასულმა ირაკლი კირკიტაძემ მიმდინარე პროცესები ადამიანის გაუპატიურებას შეადარა და შოშიაშვილს განუცხადა, რომ თუ დათანხმდებოდა ბასილაიას მოთხოვნებს, პროცესი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა.
“[ბასილაია] მეუბნება, რომ უნდა მივიდე პროკურატურაში. მე მაშინ ვიმყოფებოდი გამოკვლევებზე თოდუას კლინიკაში და იქიდან პირდაპირ წამოვედი, მივედი პროკურატურაში – თუ სწორად მახსოვს, ეს იყო 2012 წლის 10-11 აპრილი. პროკურატურაში დამხვდა ბექა ბასილაია და მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ უნდათ ყველა დოკუმენტაციის ამოღება ჩემი შპს-დან და ეს დოკუმენტები დაახლოებით ორი დღის ვადაში უნდა იყოს ამოღებული და მიტანილი უნდა იყოს პროკურატურაში. ვუთხარი, რომ დოკუმენტებს ფაქტობრივად არ ვაწარმოებთ ჩვენ, იმიტომ, რომ ყველაფერი ელექტრონულად მაქვს პროგრამაში და ამ პროგრამის მოტანა მარტივი იქნება და ის დანარჩენი დოკუმენტები, რაც საჭირო იქნება, მოგიტანთ, ოღონდ, სააღდგომო პერიოდია, ყველა თანამშრომლები წასულია და ვთხოვე, მოგიტანთ სამშაბათს, როდესაც ჩაივლის აღდგომა, რაზეც პასუხი მივიღე, რომ გამორიცხული იყო და დოკუმენტები უნდა მიმეტანა ორ დღეში. იქიდან რომ გამოვედი, ვურეკავ ირაკლი კირკიტაძეს, რომელიც უკვე წასულია ჩემი ბიზნესიდან და მან გამცა ასეთი პასუხი: ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის გაუპატიურების მცდელობა, რა დროსაც, თუ ნებით იქნებოდა თანხმობა, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს პროცესი და სხვა შემთხვევაში უფრო რთულად ჩაივლიდა ეს ყველაფერი – სიტყვასიტყვით, ასე ახსნა ირაკლი კირკიტაძემ ეს პროცესი,” – აღნიშნა შოშიაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა პროკურატურის შენობაში გატარებული 12 საათი, როდესაც მაშინ პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე მყოფი ბასილაია, იმჟამინდელ პროკურორ ზაზა მალუძესთან ერთად განიხილავდა, დასჯის რომელი მეთოდი იქნებოდა ვალერი შოშიაშვილისთვის საუკეთესო – მისი ოჯახის წევრების დაჭერა თუ ბიზნესმენის გლდანის ციხეში გაშვება.
“ბექა ბასილაიასთან მივდივარ ხუთშაბათ დღეს და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი, პროკურატურის შენობაში. იქ არანაირი სურვილი არ ჰქონიათ დაკითხვის ან გამოკითხვის, ერთმანეთთან საუბარში ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წვერების დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა, მეორე მეთოდი იყო ის,რომ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა ადამიანების იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა და ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. მე პირდაპირ ვუთხარი, რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. მათ მითხრეს, რომ დოკუმენტების არანაირ შესწავლას და შემოწმებას აზრი არ აქვს, დოკუმენტები გადატანილია შემოსავლების სამსახურში და ვკითხე, რა იყო საჭირო.” – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.