6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება

ანა ბუჩუკური – ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის გადაწყვეტილება არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება
ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია – არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

„დასავლელი პარტნიორებისთვის აუხსნელია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ არ გამოიყენოს პოლიტიკური საბრძოლო ბერკეტები და არჩევნები – მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს, ის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. თეორიულად ორი შანსია ხელისუფლება შეიცვალოს: ერთი არის არჩევნების გზა (ძალიან კარგად ვიცით ბოლო არჩევნები როგორ ჩატარდა, რა თქმა უნდა, ახლაც არ გვაქვს რაღაც სასწაულის მოლოდინი) და მეორე არის ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ასევე ისაუბრა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის „დანაღმულ ველზე შესვლა“.

„დანაღმული ველი არის საქართველოში ოპოზიციური პარტიის თითოეული წევრისთვის ყოველდღიური ცხოვრება. დანაღმული ველი არ არის დღეს, რაც ხდება ოპოზიციური პარტიების ლიდერების და წევრების წინააღმდეგ? დანაღმული ველი არ იყო, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ ბათუმში და დღემდე გამოძიებული არაფერია? დანაღმული ველი არ არის, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერების რაღაც ნაწილი ციხეშია? გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, ძალით ხომ არ ვარ ოპოზიციაში, ჩემი გადაწყვეტილება ჩემი ღირებულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებაა და მე ამ დანაღმულ ველზე ჩემი ნებით ვარ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის დანაღმული ველი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავიდანვე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით იქნებოდა ცუდსა და უფრო ცუდს შორის მისაღები გადაწყვეტილება.

„ამ ვითარებაში არ არსებობს იდეალური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე, ძალიან რთული. კი ბატონო, ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, რომელიც მეც გამომიყენებია წინა მოწვევის პარლამენტში და ბოლო ორი თვე, მე პირადად ბოიკოტში ვიყავი, ოღონდ ფეხი-ფეხზე კი არ მქონდა გადადებული, არამედ ბოიკოტს მე და ჩემი გუნდი ვიყენებდით და პარალელურად დავდიოდით რეგიონებში და ვემზადებოდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

[ოპოზიციური პარტიებისადმი] ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი კითხვა, მიიღეთ გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ, კი ბატონო, ბოიკოტის შემდეგ, რას აკეთებთ, გეგმა რა არის? არცერთ მათგანს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. სადღეგრძელოების თქმა პასუხი არ არის.

პესიმისტურად არ ვარ [არჩევნების მიმართა განწყობილი]. არც დანაღმული ველის გვეშინია. მათივე ლოგიკა რომ მათ შევუტრიალოთ, რა გამოდის, მაგალითად, ახალი არჩევნები რომ ჩაინიშნება ისევ ივანიშვილმა უნდა ჩანიშნოს, ხომ? და ანუ არც მაშინ არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი? ფაქტია, რომ საარჩევნო პირობების შეცვლამდე ჯერ ვერ მივედით, აქამდე უნდა მივიდეთ. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტში გავდივარ და ვერ ამბობენ, ამის სანაცვლოდ, რას აკეთებენ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში, გამოვიყენებ „ოცნების“ ტერმინს, ანუ ვგულისხმობ ახალ და ძველ „ნაცებს“ როდესაც ისინი ერთად იყვნენ – პოლიტიკური პარტია, რომელიც 13 წლის განმავლობაში არის ოპოზიციაში და ვერსად, ვერცერთ ველზე ვერაფერი დაათმობინა ან წაართვა ხელისუფლებას, მათი ბრძოლა იყო უშედეგო. ასეთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იმის თქმა, რომ ჩემი პოზიცია არის ჭეშმარიტება, ჩემთვის პირადად არის სასაცილო“, -განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები