6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ნუგზარ წიკლაური – ჩემი აზრია და არა მოწოდება „ლელოსადმი“: ნუ გაჯიუტდებიან შეცდომაში

ნუგზარ წიკლაური – ჩემი აზრია და არა მოწოდება „ლელოსადმი“: ნუ გაჯიუტდებიან შეცდომაში
ცხადია, არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ეს არჩევნები ფარსია, გაყალბებული, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. წყლის ნაყვას არავინ ვაპირებთ! – ამის შესახებ -„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია, ოპოზიციამ კი ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ გარემოში, არ უნდა ტოვებდეს მიკერძოების ნიშნებს.

„ცხადია, არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ეს არჩევნები ფარსია, გაყალბებული, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. წყლის ნაყვას არავინ ვაპირებთ! როდესაც ერთი პარტიის ორი ლიდერი დაჭერილია, რამდენიმე დღეში გვარამია ელოდება დაკავებას, 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია, ქალ ჟურნალისტებს იჭერენ, ნებისმიერ არჩევნებზე საუბარი ნიშნავს, რომ ივანიშვილის სისტემის ნაწილი ხდები“, – აღნიშნა წიკლაურმა.

ამასთან, მან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოზიციაც შეაფასა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ნუგზარ წიკლაურის თქმით, „ლელოს“ გაუჩნდა წყურვილი, ივანიშვილთან კოოპერირებაზე დაიწყოს საუბარი, რისთვისაც ძალიან ცუდი დრო არის შერჩეული. ის მიმართავს „ლელოს, „ნუ გაჯიუტდებიან შეცდომაში“.

„ივანიშვილს და პოლიტიკურ ოპოზიციას, იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის სისტემით დაიწყებენ ოპერირებას, საბოლოოდ, ერთი შედეგი ექნებათ, ეს იქნება ქართული საზოგადოების უკუსვლა.

ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ვსაუბრობდით შესვლა-არ შესვლაზე. მაშინ ითქვა, რომ ძალიან ადრეა აღნიშნულზე საუბარი. ეს ივანიშვილის წისქვილზე არის წყლის დასხმაო, შემდეგ ზურაბიშვილი გამოვიდა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით და თქვა, რომ არავინ ვიღებდით მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, თუ არ იქნება ეროვნული საპარლამენტო არჩევნები დანიშნული.

მას შემდეგ, რაც დაიწყო ჩვენი პოლიტიკური ლიდერების დაჭერა, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს გამოგონილი ბრალდებებით, ნიკა მელია გატაცებული იქნა, ახლა იჭერენ გვარამიას, სწორედ მაშინ გაუჩნდა წყურვილი „ლელოს“ რომ დაიწყოს ივანიშვილთან კოოპერირებაზე საუბარი.

ვფიქრობ, ამისთვის ძალიან ცუდი დრო არის შერჩეული, ძალიან არასწორია ის აქცენტები, რომლითაც ეს პოლიტიკური პარტია გამოდის. 4-5 დღე აქტიურად წამოიწია ამ თემამ, შეხედოს ყველამ რა ხდება სოციალურ ქსელებში, იმ პოსტებს შეხედონ, რომელსაც წერენ „ლელოს“ წარმომადგენლები. ათასობით კომენტარია და ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის 1% არ არის მხარდამჭერი. ჩემი აზრია და არა მოწოდება „ლელოსადმი“: ნუ გაჯიუტდებიან შეცდომაში“,- აღნიშნა წიკლაურმა.

გარდა აღნიშნულისა, მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა რეზოლუციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ოდიოზურია „ქართული ოცნების“ განცხადებები, თითქოს ირანსა და ჩინეთში ყვავის დემოკრატია და ევროპული საზოგადოება, რომელიც ციტადელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მიუღებელია და იმართება ფულით“.

„2-3 წელია აშკარა თავდასხმები ხდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ცივილიზაციურია ეს ბრძოლა, ვგულისხმობთ, რომ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ანტი ცივილიზაციურ ძალას, არც არჩევნებს, არც არანაირი დემოკრატიულ პროცესს არ განახორციელებს, თუ ეს მის ხელისუფლებას დაემუქრება. ამიტომ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა რეჟიმისთვის ორნამენტების მიკერებაა, დემოკრატიული ფასადის შელამაზება“,-აღნიშნა წიკლაურმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები