2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს, ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილ წერილში.
„პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით“. ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება, მათ შორის, ევროპული დახმარება, არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა სირცხვილიას“ კამპანიას, სახელწოდებით „მე ვისროლე“, რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილის სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა.
2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს, ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის, არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ, აგრეთვე, მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში – ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს.
დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ასაჯაროებს.